ამერიკელი კონგრესმენები: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ნიკა მელია და გიორგი რურუა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლსი.

კონგრესმენები ყველა პარტიას მოუწოდებენ, შეწყვიტონ პროვოკაციები, ხელისუფლებას კი ყველა პოლიტპატიმარის, მათ შორის გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებას სთხოვენ.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისის ძალადობრივი დარბევა და მისი ლიდერის, ნიკა მელიასა და ათობით აქტივისტის დაპატიმრება ძალიან შემაშფოთებელია.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განხორციელებისთვის საფრთხის უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატისა და ევროატლანტიკური გზისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა.

საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოლაპარაკება დაიწყონ ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ", - ნათქვაია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.

მოგავიანებით კონგრესმენების კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

განცხადებას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკქოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა. პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების” ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას. ვშიშობთ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.