აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს მუშაობას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით, ე.წ. სამხრეთი საზღვრის დაცვის მიმართ გაწეულ სამუშაოს, თუმცა მიუთითებს იმ არეალზე, სადაც სიტუაცია უნდა გამოსწორდეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა. შეზღუდული რესურსები აფერხებს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს, როგორიცაა, Iris სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის.
სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით, 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს,“ - ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.