სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ: საქართველო დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, საქართველო კვლავ აშშ-ის მტკიცე პარტნიორადაა დასახელებული.

„საქართველომ 2022 წელსაც გააგრძელა მტკიცე ჩართულობა კონტრტერორისტულ საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით,“ - ვკითხულობთ ტექსტში. საქართველოს შესახებ ქვეთავში წერია, რომ საქართველოში ტერორიზმის მხრივ ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2022 წლის ნოემბერში, აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.


დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.

„საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.