შატილის გზაზე ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ავტობუსის მესაკუთრე დააკავეს

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის დროსაც 17 ადამიანი გარდაიცვალა 3 კი მძიმედ დაშავდა, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს ტურისტული კომპანია „თრეველ ჯის“ დირექტორი და კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე. მათ ბრალად ედება ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს "თრეველ ჯის" დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.