14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ - ელჩი ჰერჩინსკი ყველა მხარეს ერთიანობისკენ მოუწოდებს

14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, 27 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერები ბრიუსელში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. საუბარია 10 ქვეყანაზე, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ.


ევროკავშირის ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერთიანდეს და იმუშაოს ერთად, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„გაფართოების პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტია. როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.