შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო გადაზიდვები ორჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საკონტეინერო გადაზიდვები დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, შუა დერეფანში 2,3-ჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC შვილობილი კომპანია ADY Container-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ADY Container-ის წარმომადგენელმა რაშად მაჯიდოვმა უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ევროპის აბრეშუმის გზის სამიტში მიიღო მონაწილეობა. მან სამიტის მონაწილეებს გააცნო აზერბაიჯანის მნიშვნელობა შუა დერეფანში და დერეფნის ფუნქციონირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები.


ევრაზიულ სივრცეში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განიხილეს შუა დერეფნის უპირატესობა სხვა ალტერნატიულ მარშრუტებთან, ასევე, დერეფნის კომპლექსური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები. ხაზი გაესვა შუა დერეფნის განსაკუთრებულ როლს სავაჭრო ბრუნვის გაზრდაში.