ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინაში ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ბულგარული სამსახური პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
22 ნოემბერს, ქვეყნის პარლამენტმა უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უფასო გადაზიდვის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოში მოაწერეს ხელი. საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობამ რატიფიცირებას მისცა ხმა, წინააღმდეგი მხოლოდ სოციალისტები და პრორუსული აღორძინება იყვნენ.
რადევმა თავისი ვეტო იმით გაამართლა, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ბულგარეთში - მაგალითად, საზღვრის დაცვაში ან სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. „მე ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტის ვეტო გააუქმოს და შეთანხმების შესრულება მოითხოვოს.
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა.
ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში.