ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს ჩვენს რეგიონში. კონფლიქტი აფართოებს მის სივრცით მასშტაბებს“, - განაცხადა რუმენ რადევმა, რომელიც ვარაუდობს, რომ „კონფლიქტი“ გადაიზრდება გამომფიტველ ომში და არ არსებობს სამხედრო გზით მისი გადაჭრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც სოფიაში ვიზიტით იმყოფება, გამოთქვა იმედი, რომ ბულგარელ ხალხს „ესმის, რომ ეს კონფლიქტი კი არა - ომია, რადგან „კონფლიქტის დროს ქვეყანას მილიონობით ადამიანი არ ტოვებს“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბულგარეთს ურჩევნია, იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამით ევროპას იცავს.
„ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისი იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრისას.
ვიზიტის დროს ზელენსკი ასევე შეხვდა ბულგარეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, რომელსაც ბულგარეთის პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიციები აქვს.
„ბულგარეთი თანმიმდევრულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, რადგან ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ.
მისივე თქმით, .რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, 6 ივლისის შეხვედრაზე სოფიაში რუმენ რადევმა კვლავ გაიმეორა, რომ წინააღმდეგია უკრაინაში იარაღის გაგზავნის და მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. რადევი კიევის იარაღით დახმარებას ომის წაქეზებად მიიჩნევს.
ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრ დენკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება პარლამენტის 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაეგზავნოს. მაგრამ ბულგარეთის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება.
ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია.
15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ.
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა.
პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.
„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.