საია: მელიას დაკავებამ ვითარება უფრო დაამძიმა, მთავრობამ ვერ უზრუნველყო კრიზისის განმუხტვა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. საია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საიას შეფასებით, მთავრობამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკებით პროცესების დეესკალაცია ვერ უზრუნველყო.

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები. საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ, კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება", - წერს საია.

საიას შეფასებით, სამართალდამცავებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში წიწაკის სპრეი კანონის დარღვევით გამოიყენეს.

"ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული მათი განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენება.

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით". - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიის ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღებასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ აუცილებელია, განმარტებული იყოს ამის დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი.

"აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას, რომლის ჩატარების დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი". – ვკითხულობთ განცხადებაში.

საიას განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტთან სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე სამართალდამცავებმა დაუსაბუთებლად დააკავეს.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალადარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული დაკავების მიზნებსა და საფუძვლებს, აგრეთვე დაკავების წესს. ადმინისტრაციული დაკავების პროცესში სამართალდამცავები უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. დაუშვებელია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად, პირთა მათთვის არასასურველი ადგილიდან განსარიდებლად ან/და სხვა ისეთი მიზნით, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და ემყარება მხოლოდ ცალკეულ პოლიციელთა ან მათ ხელმძღვანელ პირთა შეხედულებას". – წერია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას: მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით; ამასთანავე, მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება