ამერიკული Switchblade 600-ის ტიპის საბრძოლო დრონები ლიეტუვას მომავალ წელს გადაეცემა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
AeroVironment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჰიდ ნავაბიმ ეს ინფორმაცია დაუდასტურა თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ლიეტუვამ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვის კონტრაქტი 2022 წლის დეკემბერში გააფორმა.
„ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, თავად აშშ-ის შემდეგ, რომელმაც ახალი Switchblade-ის საბრძოლო თვითმფრინავები შეიძინა. ეს იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება ხელახლა განლაგების შესაძლებლობით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ მტრის ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე,“ - ნათქვამია ანუშაუსკასის განცხადებაში.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი პირველ დეკემბერს, კალიფორნიაში, AeroVironment-ის საწარმოს ეწვია.
Switchblade 600 არის საბრძოლო დრონი, რომელიც აღჭურვილია ულტრა ზუსტი ოპტიკით, ჰაერში ყოფნის უნარით 40 წუთამდე და ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო ქობინით, რომელსაც მძიმე ჯავშანტექნიკის, მათ შორის, ტანკების განადგურება შეუძლია. ამ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად, ლიეტუვა აშშ-დან ყიდულობს თვითმფრინავების გამშვებ და საკონტროლო აღჭურვილობას, პერსონალის მომზადების სიმულატორსა და ტექნიკურ პაკეტს. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს.