სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი სახელმწიფო საზღვრის კიდევ 24 კილომეტრზე შეთანხმდნენ, იუწყება ყირგიზეთის მედია. 

ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის სუგდის რეგიონის ქალაქ ბუსტონში ტოპოგრაფიული და სამუშაო ჯგუფების ბოლო ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას დარჩენილი ტერიტორიების განსაზღვრაზე მომავალ შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთში გაიმართება.

როგორც მედია წერს, ბოლო შეხვედრაზე ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ყირგიზეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მიწები ამ ქვეყანას რჩება. ამავდროულად, ტაჯიკეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ყირგიზეთის ტერიტორიაზე, მიწები კი, ამ უკანასკნელს დარჩება.

ტაჯიკეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა დეტალებზე დაკონკრეტების გარეშე  განაცხადა, რომ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა ისარგებლებს „მუდმივი და უწყვეტი“ წვდომით მათ კუთვნილ, მაგრამ მეორე ქვეყნის საზღვრებში მდებარე მიწებზე.

მოლაპარაკებების შემდეგ, დეტალებზე არც ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი კამჩიბეკ ტაშიევი საუბრობს, თუმცა აღნიშნა: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ყველა საკითხის მოგვარებასთან.“


ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ტაშიევმა ახლა მიანიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება, თუ როგორ მართონ მონაკვეთი, რომელიც კვეთს ყირგიზეთის ტერიტორიას და აკავშირებს ტაჯიკეთის მატერიკს მჭიდროდ დასახლებულ ვორუხთან.


ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული.


მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას.


2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს.

სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა მიმდინარე წლის აპრილში პროტოკოლი გააფორმეს.