ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ეუთოს 30-ე მინისტერიალის ფარგლებში, პირველ დეკემბერს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.


საგარეო უწყების ცნობით, განცხადება კვლავ ადასტურებს მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის გამო.

ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. 


მეგობართა ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს განცხადებების გამო, რომლებიც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ოჩამჩირის რაიონში, რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას, რაც ადგილზე და შავი ზღვის რეგიონში არსებული ისედაც მძიმე სიტუაციის დესტაბილიზაციის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს.

მეგობართა ჯგუფის განცხადებაში ასევე დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები.

განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ მშვიდობიანი სამოქალაქო პირის, საქართველოს მოქალაქის - თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. 


მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID), როგორც რუსეთის ფედერაციასთან არსებული ერთადერთი ფორმატის, ეფექტიან ფუნქციონირებას, რომლის ფარგლებშიც განიხილება 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ხაზს უსვამს პროგრესის მიღწევის საჭიროებას მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე. 

მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთოს ჩართულობისკენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.