ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების განცხადებით, ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook გვერდზე გაავრცელეს. მათი თქმით, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
„რაღაც დრო არის აღებული, რათა სრულყოფილებაში მოვიდეს ეს ყველაფერი. დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან გადავა 12-საათიან გრაფიკზე, რაც აქ დასაქმებულების მოთხოვნა იყო. ამავე დროს, პირველი თებერვლიდან გასწორდება ხელფასების სხვაობა და გაუთანაბრდება დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს; ასევე, 8-საათიან გრაფიკზე მომუშავეთა საათობრივი ანაზღაურება ნაკლებია 12-საათიან გრაფიკზე მომუშავეებთან შედარებით, რაც გაღიზიანებას იწვევდა დასაქმებულებში, ესეც გასათანაბრებელი იყო. მივედით იმ შედეგამდე, რომ კომპანიამ გვთხოვა, გაეთვალისწინებინა კრიზისი, ე.წ. გაჭირვება და მიგვეცა 6 თვე. პირველ ივნისს იმ ადამიანების ხელფასიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება საათობრივი ანაზღაურებით 12-საათიან მომუშავეებს,“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა.