რუმინეთის ელჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ამ პროექტს

საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა, რომ შუა დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ მხარს უჭერდა ამ პროექტს.

რუმინეთის ელჩი თბილისში მიმდინარე შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.


„დღეს მე დავესწარი შავი ზღვის პლატფორმის შეხვედრას. ამ პლატფორმას მესამედ ვესწრები. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც სახელმწიფოთა წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი ხვდებიან ერთმანეთს. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა.


რუმინეთი მუდამ უჭერდა მხარს ამ პროექტს, როგორც ალტერანტივას ტრადიციული სატრანსპორტო გზებისთვის. ჩვენი აზრით, პოტენციალი არსებობს და ის გაზრდილია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, ასევე, დერეფანს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის,“ – განაცხადა რაზვან როტუნდუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.