ნიკა მელია: მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში

ნიკა მელიამ, დღეს, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიდის, "წინ მომავლისკენ", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ოფიციალურად ტოვებს თუ არა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მელიამ მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და აღნიშნა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.


„მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი," - განაცხადა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.


„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით,“- განაცხადა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მელიაზე საუბრისას. მისივე თქმით, მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა.“ პარალელურად, ნიკა მელია საუბრობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში."

„სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობად,“ - განაცხადა მან ასევე 7 დეკემბრის ბფრიფინგზე.

განახლება: ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს. „დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება," - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან.“