შაჰ-დენიზის საბადოზე 2024 წელს გაზის წარმოების ზრდას პროგნოზირებენ

კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადო 2024 წელს 26,1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, რაც 0,8 მილიარდი კუბური მეტრით, 3,16%-ით მეტია 2023 წლის პროგნოზზე. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის ანგარიშებს ეყრდნობა.


შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის ველი. მდებარეობს კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.