ამირან გამყრელიძე: ვაქცინების არათანაბარი გადანაწილება ხდება მდიდარი ქვეყნებისთვის, რაც დიდი უსამართლობაა

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ვაქცინებით ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როცა საშუალო და დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის ვაქცინა დღემდე მიუწვდომელია.

გამყელიძის თქმით, ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნის ხელში და ძალიან დიდი უსამართლობაა, რადგან ვაქცინის განაწილება, საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისად არ ხდება.

„ძალიან ძლიერი ქვეყნები, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, გეგმავს, რომ დაამთავროს ვაქცინაცია. ახლა 200 მლნ დოზა დამატებით შეისყიდა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ცდილობენ, რომ დაამთავრონ ის ივლისის ბოლოს. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია.

ძალიან დიდი უსამართლობაა, თუ თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი 7-იანის შეხვედრა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, იანვარში დავოსის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ. ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა, მისი განაწილების შესახებ. დღეს, ვაქცინებით, რომელიც ამ ეტაპზე, 15 პროცენტია მთლიანი მოსახლეობის დარეზერვებული, ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როდესაც საშუალო და დაბალ განვითარებული ქვეყნებისთვის , სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება. ამიტომ იყო მოწოდება დიდი 7-იანის პირველი პირების, რომ მოხდეს ეს გადანაწილების მექანიზმი“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ცნობით, დღეისთვის აცრილი ადამიანი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში - 64 მლნ, შემდეგ მოდის ჩინეთი - 40 მლნ, გაერთანებული სამეფო - 18 მლნ და შემდეგ ინდოეთმა გადმოინაცვლა - 11მლნ, შემდეგ არის ისრაელი, რომელსაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი - 82 ადამიანი ერთი აცრით.

"დაახლოებით 130 ქვეყანაა, სადაც ჯერ არ დაწყებულა ვაქცინაცია . დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 2-ჯერადი დოზით, აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანას, გიბრალტარს 37%, შემდეგ მოდის ისრაელი 34 %-ით, მე-3 სეიშელი - 22%-ით, მე-4-ზეა სერბეთი - 7 %-ით, მე-5-ზე შტატები - 5.9%-ით და შემდეგ მოდის მალტა - 4,2%-ით.

დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 209 მლნ ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში და ამ ტემპით, როგორი ტემპითაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში, გათვლილია, რომ დასჭირდება 5 წელი, რათა მოცვა 75%-ზე ავიდეს და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ძალიან ბევრია", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.