რა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე და ევროკავშირის გაზრდილი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში. ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განიხილა, როდესაც მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, ალიევმა ქვეყანას სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც, ზოგიერთი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა . ამ ქვეყნებს შორის მან თურქეთი და ბალკანეთის ქვეყნები დაასახელა.
„დარწმუნებული ვარ, „როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაში არაფერი შეიცვლება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ევროპა არის ჩვენი ენერგორესურსების მთავარი მიმართულება, იქნება ეს ნავთობი თუ გაზი. ევროპულმა ენერგეტიკულმა კომისიამ აზერბაიჯანს უკვე უწოდა გაზის პან-ევროპული მიმწოდებელი, რაც მართალია. ასე რომ, ბევრი ქვეყანა უკვე იღებს ჩვენს გაზს,“ - აღნიშნა ალიევმა.
ალიევმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებას. მან აღნიშნა, რომ „ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება აბსოლუტურად უსაფრთხო მხარეზეა.“
„რაც არ უნდა მოხდეს დიდ მოთამაშეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, რადგან ეს არის მიწოდების საიმედო წყარო. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის,“ - განაცხადა ალიევმა.