ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.
თამარ გაბუნიას ცნობით, კომპანია AstraZeneca-სგან საქართველო ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში წარმოებულ ვაქცინებს მიიღებს.
მისი თქმით, გადაიწია Pfizer-ის ვაქცინების მიღების ვადამ, რასაც საქართველო თებერვლის შუა რიცხვებისთვის ელოდა და შესაძლოა, მასზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინები შემოვიდეს.
“ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებით Pfizer-ისგან ქვეყანაში 29 ათასი დოზა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით დასტური. მათი მხრიდან პირობები ძირითადად ცივი ჯაჭვის საკითხს ეხებოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავმართავთ მოლაპარაკებებს მათთან და ყველა დეტალი დაზუსტდება შედეგად გვეცოდინება, როდის მივიღებთ ამ დოზებს, რაც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველომ უნდა მიიღოს პირველ კვარტალში. დოზებს ველოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა დამატებითი პირობების გამო გადავადება გამოვიდა.
რაც შეხეება AstraZeneca-ს, მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც კოვაქს პლატფორმით, ასევე პირდაპირი გზითაც. WHO-მ ავტორიზაცია მისცა AstraZeneca-ს ორ ვაქცინას, რომლებიც ინდური და კორეული წარმოებისაა. ჩვენი რეგიონისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორივე ვაქცინა. ზუსტდება დეტალები, ფაიზერის ვაქცინების რა რაოდენობას მივიღებთ ჩვენ COVAX პლატფორმით. სავარაუდო რაოდენობა არის 315,000 დოზამდე, რაც უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
რაც შეეხება 150,000 დოზას, რომელსაც პირდაპირ ვყიდულობთ AstraZeneca-სგან, ამაზეც ჩვენი მხრიდან სახელშეკრულებო პირობები დასრულებულია და ველოდებით კიდევ გარკვეულ ფორმალობებს, იმისთვის, რათა თანხა გადავიხადოთ და უკვე დაიწყება მოწოდების პროცედურა. ეს ხდება COVAX-ის მიღმა. რაც შეეხება უშუალოდ COVAX-ის მეშვეობით 315 ათასი დოზის მიღებას ესეც ზუსტდება და მომავალ კვირას ჩვენ გვექნება უფრო მეტი დეტალი იმ დონეზე, რათა ვიცოდეთ საიდან ჩამოდის, როდის ჩამოდის. შესაძლებელია AstraZeneca-მ დაასწროს ჩამოსვლა,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.