თებერვლის ბოლოს, ბაკურიანში, საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებაზე, 500-მდე სპორტსმენი ჩამოვა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სრულად ვერ მოახდენს იმ პრობლემების კომპენსაციას, რაც ზამთრის კურორტებს აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნათ, მაგრამ ალბათ, დაგვეთანხმებით რომ მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ბაკურიანში, მესტიაში, გუდაურში", - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს სპორტულ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი პროტოკოლის დაცვით, ყველა უსაფრთხოების წესის დაცვით ჩამოვა.
„ბიზნესისთვის მუშაობის რეჟიმის შემსუბუქების კალენდარი, პრაქტიკულად ხვალიდან ამოქმედდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება ზამთრის კურორტებისთვის. გვესმის ძალიან კარგად, რომ გამომდინარე ეპიდვითარებიდან მოგვიწია ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ ოთხი ძირითადი ზამთრის კურორტის, მაგრამ ხვალიდან გაიხსნება ამ ოთხივე ლოკაციაზე არსებული ჩაკეტილი სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, რომელიც არის ბაკურიანში თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში „ფრისთაილში“ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი. ჩვენ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება პროტოკოლის დაცვით, ყველა უსაფრთხოების წესის შესრულებით და 8 მარტს ამას მოჰყვება საბაგიროების გახსნა, რადგან გარკვეული დრო სჭირდება სასრიალო არეალის მომზადებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.