IRI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი: 2024 წლის არჩევნებზე IRI და NDI ერთობლივი მისიის განხორციელებას გეგმავენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივ ნიქსი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე IRI და NDI ერთობლივი მისიის განხორციელებას გეგმავენ. ეს საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლების ვიზიტს გულისხმობს. 


IRI-ის წარმომადგენელი, ასევე, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სადამკვირვებლო მისიას ამერიკელი სენატორები და კონგრესმენებიც შეუერთდნენ. 

„ვვარაუდობთ, რომ ჯამში 40-დან 60 დამკვირვებლამდე გვეყოლება, რომლებიც, ვთვლით, რომ საკმარისი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად. მოკლევადიანი დამკვირვებლები რამდენიმე კვირით ადრე ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენი ვარაუდი და იმედია, რომ კონგრესის ორივე პალატის ორივე პარტიიდან კონგრესმენები და სენატორები ჩამოვლენ საქართველოში არჩვენებზე დასაკვირვებლად", - აცხადებს ნიქსი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში.


  • ასევე გაეცანით Europetime-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს ამერიკელ მაღალჩინოსანთან.

აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა.

„მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში.


  • საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად.

შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ.

ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.