კირბი განმარტავს, რა ფასის გადახდა მოუწევს ამერიკას, თუ აშშ უკრაინის მიმართ დახმარებას შეწყვეტს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ.


„თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საფასური მაღალია, დაფიქრდით, რამდენის გაღება მოგვიწევს ეროვნული ხაზინიდან და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასი დაჯდება, თუ ჩვენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად დავიწყებთ მოქმედებას,” - განაცხადა ჯონ კირბიმ.


როგორც კირბიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი მოელის იმას, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

„თუ თქვენ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა განიხილოთ ბატონი პუტინი ისეთად, როგორიც ის არის და გესმოდეთ, რომ უკრაინის დახმარება, ეს ჩვენი და ევროპის ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია,“ - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს განარჯვების უფლება არ უნდა მიეცეს. შესაბამისი ვიდეო და პოსტი სოციალურ ქსელებში ბაიდენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მან 6 დეკემბერს “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ვრცლად გაეცანით: რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად