უკრაინის რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას

უკრაინის რადა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ - მიმართვას მხარი 292-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ რადა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელონ, რათა მისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგეს.


უმაღლესმა რადამ ევროპარლამენტს სთხოვა, რომ უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ უკრაინის დახმარების მექანიზმის მიღებას მხარი დაუჭიროს. ევროკავშირის ინსტიტუტებს კი მოუწოდა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად შესაბამისი შემაკავებელი ზომების მომდევნო პაკეტები მიიღონ.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ უკრაინისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.