აშშ-ის არმიამ მაღალი სიზუსტის PrSM რაკეტების პირველი პარტია მიიღო

ამერიკის სახმელეთო ძალებმა მაღალი სიზუსტის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების PrSM (Precision Strike Missile) პირველი პარტია მიიღო. PrSM არის ახალი თაობის სამხედრო იარაღი, რომელიც დიდ დისტანციებზე მაღალი სიზუსტის სროლისთვის გამოიყენება. მას სამიზნეების განეიტრალება 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლია.


სამომავლოდ PrSM-მა ATACMS-ის ტიპის რაკეტები უნდა შეცვალოს. New York Times-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 ერთეული ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გადასცა.


ზელენსკიმ უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაადასტურა.


ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.