არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციაზე დასწრებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი შეხვედრა გამართა კაბო ვერდეს პრემიერ-მინისტრთან ხოსე ულისეს კორეია ე სილვასთან.
შესაბამისი პოსტი ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განათავსა.
უკრაინული მედის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სილვას უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, 2022 წლის 2 მარტს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
სილვამ და ზელენსკიმ განიხილეს კონტინენტთან ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების საშუალებით. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში კონტაქტებს გააგრძელებენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 დეკემბერს არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება.
მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. ზელენსკიმ მილეის გამარჯვება მიულოცა.
ორმა ლიდერმა კენჭისყრიდან მალევე ტელეფონითაც ისაუბრა. მილეიმ აღნიშნა, რომ მან ზელენსკის უკრაინასა და ლათინურ ამერიკას შორის სამიტის მასპინძლობა შესთავაზა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ინაუგურაციას არგენტინაში რუსეთის ელჩი დიმიტრი ფეოქტისტოვიც დაესწრება.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე ლიდერი, მათ შორისაა ესპანეთის მეფე ფელიპე VI, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც მილეის პოლიტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამჟამინდელი პრეზიდენტი ლულა.