მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება მტკიცედ დაცული დემოკრატიისა და თავისუფლებების მხარდამჭერი

დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება საერთაშორისო წესებისა და იმ სამყაროს მხარდამჭერი, სადაც მტკიცედ არის დაცული დემოკრატია და თავისუფლებები, ხოლო ავტოკრატია გამოწვევის წინაშეა.


„დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, ხელმოწერიდან 75-ე წლისთავზე გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება საერთაშორისო წესებისა და იმ სამყაროს მხარდამჭერი, სადაც მტკიცედ არის დაცული დემოკრატია და თავისუფლებები, ხოლო ავტოკრატია გამოწვევების წინაშე დგას. გაერთიანებული სამეფო თავისი ყველა ქმედების სათავეში ღია საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას აყენებს.

საქართველოში ვთანამშრომლობთ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ლბტქ+ თემთან, ეროვნულ უმცირესობებსა და რელიგიურ ლიდერებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა უფლებისა და თავისუფლების პატივისცემა.


საერთაშორისო დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოში გაერთიანებული სამეფო მოწინავე იყო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემის საკითხზე.

ასევე, ბრიტანეთი უძღვებოდა სპეციალურ სხდომას სუდანის კონფლიქტში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების თაობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ასევე მთავრობასა და პარლამენტთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნებს, უკეთ დაიცვან დემოკრატია, თავისუფლება და უზრუნველყონ იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. ჩვენ ერთად გავუმკლავდებით აგრესიას და ჩვენს წვლილს შევიტანთ უფრო სამართლიანი და თავისუფალი სამყაროს შექმნაში,“ – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.