ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტში მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ორივე მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.
„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციურ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალიზაციისთვის, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სარგებლის მომტანი არანაირად არ არის და არ უზრუნველყოფს კრიზისის დაძლევას“,- ნათქვამია განცხადებაში.
სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან და დიალოგს დაუბრუნდნენ.
"ერთადერთი გზა, საქართველომ გადაჭრას ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისი ისე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს, თავი შეიკავოს პოლარიზებული რიტორიკის, ასევე ისეთი ქმედებებისგან, რაც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთოს დიალოგში. აუცილებელია, ყველამ, ვისაც ძალაუფლება ანდეს, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ნებისმიერი პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დააყენოს ”, - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.