მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე თანამდებობიდან გადადგა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე თანამდებობიდან გადადგა.

კახაბერ ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, გიორგი გახარიამ 4 თებერვალს დანიშნა. მანამდე ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას და წარმატებებს უსურვებს ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. აღნიშნავს, რომ ქვეყანას საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა.

ვრცელ წერილში ქემოკლიძე, თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ „დაბრუნებას“ გეგმავს.

„დადგა დრო როდესაც ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პროფესიონალ, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით.

არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი.

მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში! მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!“.