ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

ამის შესახებ ელინა ვალტონენმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება.


ელინა ვალტენონმა აღნიშნა, რომ პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო.

„ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის,“ – განაცხადა ელინა ვალტონენმა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.