10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს — NDI-ის კვლევა

მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს. 


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, საქართველოს 10-დან “დაახლოებით, ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.“ ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ 10-დან ერთ მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა.


მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასები (65%) და/ან სამუშაო ადგილების არარსებობაა (56%). ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%).

მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ქვეყნიდან დროებით ან მუდმივად წასვლა საქართველოზე უარყოფითად აისახება.


კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.