დარჩიაშვილი: საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის.


„მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოხერხდა და გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით ევროკავშირი მსჯელობს, როგორ დააახლოოს ქვეყნები, რომლებიც არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრები. ჩ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და პლატფორმაა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მექანიზმის საშუალებით საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ხელშესახები შედეგები მიიღო, რომლებიც გახდა საწყისი ძალიან საინტერესო განვითარებების. მთავარი გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე საქართველოდან, არის ის, რომ საქართველო მზად არის, მომავალში გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის რანგში თავისი კონტრიბუცია.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე, მრგვალი მაგიდის გარშემო ყველასგან მოდიოდა განწყობა, რომ ევროკავშირი საკმაოდ საინტერესოდ უყურებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს.


„გზავნილები, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა ჩამოიტანეს იყოს, რომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა სწორედ ამ შესაძლებლობის, ამ პლატფორმის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღონ კონკრეტული ხელშესახები შედეგები და გააგრძელონ მომავალში თანამშრომლობა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც პლატფორმის მომავლის გარდა, იყო გზავნილები თითოეული ქვეყნიდან, თითოეული მინისტრისგან, რომ ისინი მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და მოლდოვისა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ არცერთი ქვეყანა არ არის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების.

ეს გვიქმნის ძალიან დიდ მოლოდინებს და დარწმუნებული ვარ, საბჭო სწორედ უახლოეს დღეებში, კვირის ბოლოსთვის მიიღებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მე შემიძლია, დღეს ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო წევრი ქვეყნების ერთიანობა იყო საქართველოსთან მიმართებით და ეს გზავნილები ჩვენ მივიღეთ,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.


8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.