აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წევრებმა და უნგრეთის საელჩოს თანამშრომლებმა ვაშინგტონში, ორშაბათს დაიწყეს ორდღიანი ღონისძიება, რომელსაც კონსერვატიული Heritage Foundation-ის ანალიტიკური ცენტრი უმასპინძლებს.
„შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის მომავლის შესახებ დაძაბული დებატების ფონზე გაიმართება. სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს გადაუდებელი ხარჯების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. უნგრეთის საელჩოსთან დაახლოებულმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა: „ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარება კონგრესში არ გავა. ამიტომ, ის ცდილობს, დაბლოკოს ევროკავშირის დახმარებაც,“ წერს The Guardian-ი.
ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.
მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს.