ესპანეთის სახელმწიფო მდივანი: საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს

ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

როგორც რიოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ესპანეთის, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარის წინადადება საქართველოს შესახებ დასკვნებში უნდა შეესაბამებოდეს კომისიის რეკომენდაციებს.


„ვფიქრობ, რომ საბჭოში არ არის სირთულე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს,“ – განაცხადა პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.