ლუქსემბურგელი მინისტრი: ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგნი არიან, შევახსენებ — ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგნი არიან, შეახსენებს, რომ ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია.


„ლუქსემბურგი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა და როდესაც მე მოვუსმინე, არ მინდა პროვოკაციული ვიყო, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამბობს: ვერ გავფართოვდებით, რადგან ეს ძალიან ძვირი ჯდება. მსურს უბრალოდ შევახსენო იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას აცხადებენ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც ისინი კანდიდატები იყვნენ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია“, - აღნიშნა ხავიერ ბეტელმა.


უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციასთან და მიმდინარე კვირაში ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ბეტელმა განაცხადა, რომ თუ ვეტო იქნება, ის უნდა იყოს დასაბუთებული.

„როდესაც უნგრეთი გახდა წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა უნგრეთი საკმარისად მდიდარი ევროკავშირის წევრობისთვის, შესაძლოა, უნგრეთი დღეს წევრი არ ყოფილიყო. ასე რომ, ეს არის სოლიდარობის საკითხი, რათა დაინახო პარტნიორების პოტენციალი და დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ არ ვართ მარკეტში, რომ ვთქვათ : თქვენ გვაძლევთ, ჩვენ ვიღებთ და ჩვენ არ ვადგენთ ფასს. არის წესები და ჩვენ ამ წესებს უნდა მივყვეთ. თუ იქნება ვეტო, მინდა გავიგო, რატომ არის ვეტო, ის უნდა იყოს გამართლებული. მე ჯერ კიდევ ველოდები რეალურ მიზეზებს და არა სხვა მიზეზებს,“ - განაცხადა ხავიერ ბეტელმა.


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, "ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის."

„წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე," - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.


ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.

მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.