"ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია", - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ტვაინინგის თქმით,მიმდინარე მოვლენებში პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს და არა მხოლოდ მთავრობას და ოპოზიციას, არამედ ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს, თუმცა ტვაინინგი მთავრობის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს.
მისი თქმით, ქვეყნის მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება, რადგან ის ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა წარმოადგენდეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს.
„ვფიქრობ, ყველა მხარეა პასუხისმგებელი. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა და მხოლოდ ოპოზიცია. ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს წესები გვაქვს იმისთვის, თუ როგორ წავიდეთ წინ. ეს ჩანს ჩვენს ქვეყანაში, ბევრ სხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. დემოკრატია ყველგან ზეწოლის ქვეშაა. საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არჩევნების შეფასების მხრივ. ჩვენ ცოტა ხანში რეკომენდაციებით ანგარიშს გამოვაქვეყნებთ. თუმცა, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. ამის გამო, მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს,”- აცხადებს ტვაინინგი.
ტვაინინგი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანია.
"იმედი მაქვს, ორივე მხარე, ყველა მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. იყო მოწოდებები ორივე მხრიდან, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს მოწოდებები პირნათლად უნდა შესრულდეს. არ უნდა იყოს ისე, რომ გაჟღერდეს მოლაპარაკებების მოწოდება და ამავე დროს რაღაც სხვა აკეთო, რასაც ღირებული შედეგი არ მოაქვს. აქ რამდენიმე რამაა შემაშფოთებელი. ერთი ისაა, რომ ეს ყველაფერი ფოკუსში აქცევს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას და ამ ეტაპზე ეს კარგად არ გამოიყურება იმ თვალსაზრისით რომ საქართველო შემდგარი და წარმატებული დემოკრატიაა. ვფიქრობ, ნატოში და დასავლეთში იმედი გვაქვს, რომ სიმშვიდე, სტაბილურობა, წესრიგი და დემოკრატია გაიმარჯვებს. ასევე, ეს პოლარიზება, დაპირისპირება და დაძაბულობა საუკეთესო ვექტორია მტრულად განწყობილი მოთამაშეებისთვის, როგორიცაა რუსეთი, ან ქვეყნის შიგნით არსებული ექსტრემისტული ძალებისთვის იმის გასაკეთებლად, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. პოლარიზაციასთან ყველას გვაქვს შეხება და ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. ყველას გვყავს მტრული ძალები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებული განსხვავებების გამოყენებას ცდილობენ. გვინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ასეთი გავლენები საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის...
საქართველოში არავინაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველო კრიზისული ქვეყნების სიას, იმ სიას დაემატოს, რომელიც ჩამონგრევის რაღაც ეტაპზეა. საქართველოს წარმატება ყველას ინტერესებშია. ამერიკას საქართველოს სახით ძლიერი და წარმატებული მოკავშირე სჭირდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობა მართავს ქვეყანას. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი უკავშირდება არა იმას, თუ ჩვენ რა გვსურს, არამედ იმას, თუ რა სურს ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს სურს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მათთვის მუშაობს და მისი მოქალაქეების წინსვლისთვის ქვეყნის გაერთიანებას ცდილობს,“ - აცხადებს ტვაინინგი.