სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს.
„ჩვენ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს არ შევუშლით. საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. ეს საკითხი არის ბლოკირებული უნგრეთის მიერ, ეს ფაქტია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია,“ – განაცხადა ზელენსკიმ.