უკრაინამ „უნგრეთისა და სლოვაკეთის დადებითი სიგნალები მიიღო“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ არსებობს ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს უკრაინის ევროკავშირის ნაწილად ნახვა.

კულებას თქმით, არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც სურს გაწევრიანების პროცესის შენელება და ამ გაწევრიანების შედეგების უფრო ფრთხილად შესწავლა - ეს არის უნგრეთი, მაგრამ გუშინ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიიარტოსთან ხანგრძლივი საუბრის შედეგების მიხედვით, საფრთხე, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, აშკარად მოიხსნა.

„მან დაადასტურა, რომ საკითხი ამგვარად საერთოდ არ დგას,“ - განაცხადა კულებამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინულმა მხარემ მიიღო პირველი არასაჯარო და არაოფიციალური სიგნალი უნგრეთისგან, რაც შანსების ფანჯარაზე მიუთითებს. უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა მეორე დადებით პუნქტად მოიყვანა სლოვაკეთის საჯარო განცხადება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერის შესახებ.


„დღეს არის ძალიან ფრთხილი სიგნალი უნგრეთიდან და ღია სიგნალი სლოვაკეთიდან, მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთს გადაწყდება. ახლა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ევროკავშირის სამიტი,“ - აღნიშნა კულებამ.


გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი მზადაა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ კიევის რეფორმების გატარების ძალისხმევის შეფასების შემდეგ, მზად არიან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ, რაც ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე განიხილება.

„თუმცა ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს ჯერ კიდევ გრძელი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი. ყველა საჭირო ზომა, არა მხოლოდ უნდა დამტკიცდეს, არამედ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა იურაი ბლანარმა. ბლანარმა კვლავ განმარტა სლოვაკეთის პოზიცია, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.

„ამავდროულად, ჩვენ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, კერძოდ, განაღმვისა და ზამთრისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომზადების საკითხში. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა,“ - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სლოვაკეთმა მთავრობის ცვლილების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს. რაც შეეხება უნგრეთს, მათ ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ კულებას განცხადება „დადებითი სიგნალების“ შესახებ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, "ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის."

„წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე," - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.


ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.

მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.