ისტორიული სამიტი ბრიუსელში დღეს იწყება

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება, სადაც გაფართოების პაკეტზე იმსჯელებენ. პაკეტი 10 ქვეყანას მოიცავს. გაფართოების პაკეტი შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

  • ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დღის წესრიგში პირველად საკითხად მითითებულია: ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის უახლეს მოვლენებს და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას.
  • შემდეგი საკითხი: ახლო აღმოსავლეთი: ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
  • და, გაფართოება: ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამ კუთხით შემდგომ ნაბიჯებს.
  • უსაფრთხოება და თავდაცვა ევროკავშირის ლიდერები შეაფასებენ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ მისი წინა დასკვნების განხორციელებაში და გამოვლენ დამატებითი მითითებებით.
  • საგარეო ურთიერთობები: ევროკავშირის ლიდერები კონკრეტულ საგარეო პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.

ცნობისთვის, სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ და გაფართოების შესახებ დასკვნა დაამტკიცეს.


დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას, მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით. 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა.


ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.