ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციას 468 მომხრე ჰყავდა, 99 წინააღმდეგ წავიდა.

ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.


8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.