„ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ პირს, ცოლის ნათესავს რამდენიმე პირი თავს დაესხა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი. დაკავებულები არიან - 1993 წელს დაბადებული ვ.გ. 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.