მდინარაძე: ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არ არის, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არაა გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, არ ვიცი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ სცენაზე იყოს.

მისივე განცხადებით, ადამიანი, რომელიც ამბობდა და ამბობს, რომ მისი ქვეყანა არც ერთ დროში არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ იმსახურებს, რომ პრეზიდენტად იყოს წოდებული.

„პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელსაც ამას საკუთარ სამშობლოზე ამბობდა, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება. ამბავში უნდა უბრალოდ რომ აერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი ჩვენ მას შემთხვევით არ გამოვუცხადეთ. ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს ეს არ ვიცი,“ - განაცხადა მდინარაძემ.