რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. ამასთან, ქვეყანას უფრო სტაბილური სახელმწიფოს იმიჯი აქვს.
„ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. ისინი საქართველოსთვის ყველანაირი დახმარების გაწევას შეეცდებიან; უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, რათა ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილური გახდეს და პოლიტიკურადაც უფრო მომზადებული იყოს წევრობისთვის,“ ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით.
- „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას აქვს ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირისგან.