ევროპას შესაძლოა, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დანაკლისის შევსება მოუწიოს - პისტორიუსი

თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიამ იცის, რომ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის შემცირების შემთხვევაში, ბერლინს უკრაინის დასახმარებლად მეტი პასუხისმგებლობის აღება მართებს. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები და პარტნიორები "ყველაზე უარეს სცენარს" განიხილავდნენ, რადგან სამხედრო სიტუაცია უკრაინაში სულ უფრო და უფრო რთულდება, არის საბრძოლო მასალის ნაკლებობა და რესპუბლიკელები შეერთებულ შტატებში ბლოკავენ შემდგომ მხარდაჭერას. ამდენად, თუ ვაშინგტონი ახალ დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდება, ევროპას ცხადია, შესაძლოა, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დანაკლისის შევსება დასჭირდეს.


„რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. შეიძლება, არსებობდეს სფეროები, რომელთა კომპენსირებაც ჩვენ უმალ არ შეგვიძლია. მაგალითად, თავდაცვის ინდუსტრიას თავისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად დრო სჭირდება,“ - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.


„ახლა პუტინი მნიშვნელოვნად ზრდის იარაღის წარმოებას რუსეთში“, - განაცხადა პისტორიუსმა და გაიხსენა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ხარჯების ზრდა 60%-ზე მეტს აღწევს.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პუტინის მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ძალიან სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს.

ინტერვიუს დროს პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოების გარანტიები თავიანთ კონტინენტზე, შეერთებულ შტატებზე მთლიანად დამოკიდებულების გარეშე.

მან ასევე გაიმეორა, რომ სერიოზული კრიზისების გამო, გერმანიას სჭირდება შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ომის შემთხვევაში, ქვეყნის დაცვა შეეძლება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს