ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია, მათ შორის, რამდენიმე მილიონი ვაზნა და სხვა აღჭურვილობა გადასცეს.

ამის შესახებ ლიეტუვის მაუწყებელი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.


„ჩვენ ვისმენთ უკრაინის სასწრაფო თხოვნას და ვაგრძელებთ დახმარების გაწევას მითითებული საჭიროებების შესაბამისად. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ," - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა. სამინისტროს ცნობით, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის რეგულარული გაგზავნის გარდა, ლიეტუვა ასევე აქტიურად ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს, მკურნალობს მათ და რეაბილიტაციაში ეხმარება.