იენს სტოლტენბერგი: კრემლი ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის ემზადება

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „არ არსებობს რაიმე ნიშნები იმისა, რომ პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, პირიქით, კრემლი ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის ემზადება.


„კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს და არა მის შეწყვეტას. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი, რომ მისი აგრესია ამით არ დასრულდება,“ განაცხადა სტოლტენბერგმა სლოვაკეთის პრემიერის მასპინძლობისას. მან რობერტ ფიცო NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის ახალი პრემიერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება. მისმა მთავრობამ კიევს სამხედრო მხარდაჭერას უკვე შეუჩერა. როგორც NATO-ს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე მხარებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერისა და ალიანსის შეკავება/თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხები.