პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი “სერბეთის პროგრესული პარტიის” კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში 49.84 პროცენტით ლიდერობს. ამის შესახებ სერბეთის საარჩევნო კომისიამ ხმების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ განაცხადა.
17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პარალელურად, მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა 65 ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში.
ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებს თან სდევდა დარღვევები.
სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას პარლამენტში და უარყო ოპოზიციის განცხადებები დარღვევებზე საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, პარტიას აქვს მონაცემები, რომ მან ხმების 47,1 პროცენტი მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე ადგილზე, 23 პროცენტით გავიდა კოალიცია "სერბია ძალადობის წინააღმდეგ", ხოლო სოციალისტურ პარტიას ერგო 6,7 პროცენტი.
ვუჩიჩი პრეზიდენტია 2017 წლის მაისიდან. მან რუსეთთან კავშირები შეინარჩუნა. ამასთან, ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.