ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში დიმიტრი მედვედევის ვაჟი და ვლადიმერ პუტინის დისშვილი მოხვდნენ

ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის ფარგლებში, 61 ფიზიკურ პირსა და 86 ორგანიზაციას პერსონალური შეზღუდვები დაუწესა. ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსული სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები და კერძო სამხედრო კომპანიები.


სანქცირებული პირების სიაში მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია, კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ცოლი ანა ცივილევა, რომელიც ვლადიმერ პუტინის დისშვილია, მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარე ალექსეი შაპოშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, იური ჩიხანჩინი, „ურალვაგონზავოდის“ დირექტორი ალექსანდრე პოტაპოვი, ბაშკირეთის ხელმძღვანელი, რადი ხაბიროვი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 წევრი და სხვა პირები. ევროკავშირში განმარტავენ, რომ ცივილევა დაკავშირებულია ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედვედევის შვილს კი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს.