საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, NATO-სთან თავსებადობის გაზრდა - რაზე ისაუბრეს თავდაცვის მინისტრმა და NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.


ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო.


შეხვედრაზე აღინიშნა გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებისა და ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კრიტიკული მნიშვნელობა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

თავდაცვის მინისტრთან საუბრისას, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი სამთავრობო გუნდის წარმატებულ საქმიანობას წლის განმავლობაში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა,“ - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.