გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში, რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა - ადვოკატი

იურისტ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ევროსასამართლოს პალატამ ერთხმად ცნო რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო. ევროსასამართლოს შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება - როგორც არსებით ნაწილში (მკვლელობა მისი პასუხისმგებლობით მოხდა), ასევე, გამოძიების არაეფექტიანობის გამო.

„გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ, არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი, თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!“ წერს გიორგი ტაბატაძე.


2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.


„ჩვენ წარვადგინეთ წერილობით არგუმენტაცია. ასევე რუსეთის ფედერაციამაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და ველოდებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსეთის ფედერაცია უნდა იქნეს მიჩნეული პასუხისმგებლად ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაზე, ანუ უშუალოდ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. იმიტომ, რომ ეს ჩადენილი იყო ე.წ. მესაზღვრეების მიერ, რომლებზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ დადგინდეს პროცედურულ ნაწილშიც დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ არ აწარმოა გამოძიება. გამოძიება, რაც აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აწარმოა, არ იყო ეფექტიანი, სრულყოფილი. მათ გაათავისუფლეს რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ცოტა ხანს იმყოფებოდა შინაპატიმრობაში,“ - ამბობდა მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი ტაბატაძე.

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა. ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.