ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.
ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) იცავდნენ. საჩივრით მათ ევროპულ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. გადაწყვეტილება დღეს, 19 დეკემბერს გამოცხადდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.
გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით იზეიმა სამართალმა და გაუჩნდა იმედი, რომ რუსეთის მიერ არაადამიანურად მოკლული სხვა ახალგაზრდების საქმეზეც დადგება სამართლიანი განაჩენი.
„უკვე მერვე წელია, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და უკვე მეკარგებოდა იმედი რაიმე სასიკეთო ამბავის გაგების. მაგრამ, დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის, რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს და გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში, პირველ რიგში დამნაშავეები არიან რუსები და ისინი აქეზებენ იმ სეპარატისტებს - აფხაზებს, ოსებს, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მახვილს აღმართავენ.
ერთი, ამ საქმეში გამარჯვება ნიშნავს არამარტო ჩემი შვილის საქმის მოგებას, არამედ საქართველოს წარმატებას, რომ ამ გადაწყვეტილებით ალბათ დაფიქრდებიან ის რუსები და იტყვიან არ ღირს ასე...როცა მათ მოუნდებათ მაშინ ხელყონ ქართველი ადამიანის სიცოცხლე. მე ახლა გამიჩნდა იმის იმედი, რომ ჩემ შვილთან ერთად, სხვა, რუსების მიერ მოკლული ადამიანების, არაადამიანურად წამებული ადამიანების საქმეებიც გაიმარჯვებს,“ - განუცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა დაისჯება გიგას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე, რაშიდ კანჯი ოღლი.
„ალბათ რუსებიც დაფიქრდებიან, რომ ამ საქმის უშუალო შემსრულებელი ადამიანი გადმოეცეს საქართველოს მხარეს, რომ ის დაისაჯოს, პასუხი აგოს ქართველი ადამიანის მკვლელობის გამო...რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე ჩვენს ხელისუფლებაზეა მომდევნო ნაბიჯები, როგორ განახორციელებენ ამას და როგორ დავასრულებთ ამ საქმეს. ეს არის უშუალოდ საქართველოს სამართალდამცავების საქმე. მომავალი ნაბიჯები მათზეა დამოკიდებული... იმედი, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფოების გვერდით გვაქვს მომავალი, ამის ერთ-ერთი გამოვლინება ალბათ არის ამ საქმის ასე დადებითად გადაწყვეტა,“ - ამბობს გიგა ოთხოზორია დედამ, ჯულიეტა ჭანტურია.